გადაიყვანთ სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში – ევროპარკლამენტარების მიმართვა “ოცნებას” | 14.07.2023

44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარებისთვის. ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის სახელზე ავრცელებენ.  ევროდეპუტატები შეშფოთებას გამოხატავენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება იმაზე მეტყველებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.ევროპარლამენტარების წერილი 12 ივლისით არის დათარიღებული.

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გათვალისწინებით მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ ემპათიურ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: გადაიყვანოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებას. როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც აღიარებს თითოეული ადამიანის ღირსებას. ჩვენ ველით, დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ პრინციპებს, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება. გვჯერა, რომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას დაუთმობთ და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას,” – 44 ევროპარლამენტარის მიმართვა ხელისუფლებას.