ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გასულ კვირას, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლისის ტბის ტერიტორიაზე პრაიდფესტივალის ჩაშლის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. კელი დეგნანის თქმით, ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მას შსს-ს მაღალჩინოსნები არწმუნებდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფები პრაიდფესტის ჩაშლას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ელჩი ფიქრობს, რომ მოძალადეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ
“ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთის მიზნით, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას ეხება. გასული კვირის, შაბათის მოვლენების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის პერიმეტრზე ვერ შეიჭრებოდნენ და უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტობრივად, უმართავ ბრბოს საშუალება მიეცა თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრი ფეხით ევლო ძალადობისკენ მოწოდებებით. მათ საშუალება მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრში შეჭრილიყვნენ, არამედ დაერბიათ და გაენადგურებინათ საკუთრება პოლიციისგან რეაგირების გარეშე. სამწუხაროა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან,” – განაცხადა კელი დეგნანმა.
8 ივლისს, ლისის ტბაზე Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები დახურული ღონისძიების ჩაშლის მიზნით ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ მსვლელობით გაემართნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მსვლელობა არ აღკვეთა. ადგილზე მისვლის შემდეგ, მოძალადეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ. Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. აგრესიულმა ჯგუფებმა პრაიდფესტისთვის საჭირო ინვენტარი დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი თან წაიღეს.