NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველო ბელარუსთან და მოლდოვასთან ერთად ახსენა. ბაიდენის თქმით, ამ ქვეყნებში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ბაიდენი ამბობს იმასაც, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს.
“ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს. რასაც თქვენ განასახიერებთ ეს არის იმედი. მე არ ვხუმრობ, მე ამას გულახდილად გეუბნებით. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და არასდროს უნდა დავნებდეთ. უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ეს არის ჩვენი ცხოვრების მოწოდება. ჩვენი ერთიანობა არასდროს არ დაიმსხვრევა,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავარი გზავნილი ვილნიუსის სამიტიდან იყო ის, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსის კარი ღიაა და არ შეცვლილა მოკავშირეების სურვილი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. ელჩის თქმით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომელმაც პოლიტიკური ნება უნდა აჩვენოს და აუცილებელი რეფორმები განახორციელოს.