“უკრაინა უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა” – უკრაინისთის მაპი უქმდება | 12.07.2023

ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ნატო უკრაინის სამიტი გაიხსნა, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების, იარაღის მიწოდების და ნატო-ს წევრობის საკითხებს ეხება. საბჭო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა.

“უკრაინა უფრო ახლოს არის ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ველოდები დღეს, როცა ერთმანეთს შევხვდებით, როგორც ნატოელი პარტნიორები,” – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი პირობების შესრულების შემდეგ გახდება. მისი თქმით, ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინისთვის მაპი უნდა გაუქმდეს, რაც ორეტაპიანი გზის ერთ ეტაპამდე შემცირებას ნიშნავს.

სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა იდეალური იქნებოდა, თუ ამ სამიტზე უკრაინის ნატო-ში მიწვევა ოფიციალურად მოხდებოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით,  უკრაინის ნატო-ში მიწვევა უკრაინული საზოგადოებისთვის სერიოზული მამოტივირებელი ფაქტორი იქნებოდა და პარალელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან გაავლო.

ზელენსკიმ ასევე დააზუსტა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან უსაფრთხოების არა იურიდიული, არამედ მხოლოდ ფაქტიური გარანტიები აქვს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აფასებს მაპის ეტაპის გაუქმებას, მაგრამ ისურვებდა ამ სამიტზე უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ნატო-ში ინტეგრაციისთვის და არა მის ნაცვლად.