რა წერია ნატო-ს სამიტის კომუნიკეში საქართველოზე | 12.07.2023

“ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის პროცესის განუყოფელი ნაწილი,” – ამის შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია საუბარი. განცხადების მიხედვით ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და  წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს.

“შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის. ამას კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში.  განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმ საფრთხეებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში. ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარი, რომელიც მან საქართველოში მისი თანხმობის გარეშე განათავსა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და, საზღვრის დაწესებით, საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის პროცესის განუყოფელი ნაწილი; ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა დეტალს, ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და  წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს,” – წერია ნატო-ს სამიტის კომუნიკეში.