შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და მის მიმართ გამოვლენილ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
“დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება. დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. უფრო მეტიც, ამ დეპარტამენტის დანიშნულება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების შემჩნევა და მათზე რეაგირება იყო. მე მქონდა რეაქცია ამ უკუსვლებზე და ვაფიქსირებდი ჩემს მოსაზრებებს დეპარტამენტის მოადგილეებთან, უფროსთან, მინისტრის მოადგილესთანაც. ამის გამო, მე დავექვემდებარე დისკრიმინაციას ჩემს მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებების გამო – აღარ მრთავდნენ დეპარტამენტის საქმიანობაში. ჩამომაშორეს ყველა პროცესს. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი მეკეთებინა ჩემი საქმე, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც იძლეოდა არსებული ვითარება. აღნიშნული მოვლენების ფონზე, დეპარტამენტში დაიწყო აუდიტის ჩატარება. აღნიშნული პროცესი დაიგეგმა სპონტანურად – 2023 წლის აუდიტის სამოქმედო გეგმით დეპარტამენტის შემოწმება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. დეპარტამენტში არსებული ვითარების მხედველობაში მიღებით, ეჭვგარეშეა რომ აღნიშნული აუდიტის მიზანია რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება. ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ნებით არ მივდივარ სამსახურიდან. ალბათ, ისედაც გამიშვებენ. ჩემი მენტალური ჯანმრთელობის ფასად კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისა და ჩემი უფლებების დასაცავად. საჯაროდ მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მზად ვარ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ჩემს მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. ასევე, უკვე მივმართე სახალხო დამცველს, ჩემს მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით,” – გოგა რაზმაძის განცხადება.