ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში აუცილებელი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ისინი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს დგება, ამიტომ აუცილებელია დამბის გამაგრება.
ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა, რამაც არხებში ნატანის დაგროვება გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეებიც.გაჩერებულია,მუნიციპალური ტრანსპორტი და დაზიანებულია ელექტროსადენები.რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ქალაქის მასშტაბით, სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.