ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ოლიგარქის მიერ წამოწყებულ სამართლებრივ დავას ვრცელი წერილით ეხმაურება. ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩიაშვილმა, რომელსაც პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება, ოლიგარქის ნდობით ბოროტად ისარგებლა. მას კრიპტოვალუტის ბიზნესში 5 მილიონი დოლარის ჩადება ურჩია, შემდეგ კი უთხრა, რომ საქმე მომგებიანი აღარ იყო და სჯობდა, ინვესტირებული თანხის უკან დაბრუნება მაინც მოეხერხებინათ. თეიმურაზ წიქვაძის თქმით, ბაჩიაშვილმა, რეალურად, ინვესტორი შეცდომაში შეიყვანა და ივანიშვილის კუთვნილი მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მიითვისა. წიქვაძე ამბობს, რომ ბაჩიაშვილისგან ახლა ყველაფერია მოსალოდნელი.
წიქვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ფულადი თანხები ბაჩიაშვილის მიერ არამიზნობრივად იხარჯებოდა. ივანიშვილის ადვოკატი წერილში „მტკვარი ჰესის“ პროექტსაც ახსენებს და მიანიშნებს, რომ ბაჩიაშვილმა თანხები ამ პროექტიდანაც მიითვისა. წიქვაძე აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს პირადად უთხრა, რომ მას ეს ყველაფერი არ შერჩებოდა.წერილიდან რჩება შთბეჭდილება, რომ პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართლებრივი დავის წამოწყებას აპირებს.
ივანიშვილის ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილის უფლედამცველმა და საერთაშორისო იურიდიული ფირმის Amsterdam & Partners-ის დამფუძნებელმა რობერტ ამსტერდამმა. მისი შეფასებით, წიქვაძე თავხედურად იტყუება და ბაჩიაშვილს თავს ესხმის. ამსტერდამის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე სასურველი შედეგის მისაღწევად, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიყენებს.
6 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება. ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ახლა კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა და ქვეყნის დატოვებაც აუკრძალა.