ხვალ პრაიდის დახურული ფესტივალი გაიმართება – შსს- კონტრაქციის მონაწილე მოძალადეებ ჯგუფებს აფრთხილებს | 07.07.2023

კოალიცია “თანასწორობისთვის” მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” მიერ “პრაიდ კვირეულის” ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში გატარებული „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ, რასაც მოჰყვა ჰომოფობიური კამპანიის განსაკუთრებული გააქტიურება სამთავრობო მედიების მხრიდან. განმცხადებლების თქმით, აშკარაა, რომ ამავდროულად ხელისუფლება და მოძალადე ჯგუფები ჰომოფობიას იყენებენ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დასაკნინებლად. ეს 2021 წლის 5 ივლისსაც ნათელი იყო, როდესაც მოძალადეებმა ორჯერ ჩამოხიეს და დემონსტრაციულად დაწვეს ევროკავშირის დროშა.

“გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ დღეის მდგომარეობით, კვლავ არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური დანაშაულების ორგანიზატორი პირები, რომელთა მიზანიც, სწორედ, „პრაიდის კვირეულის“ დარბევა იყო.ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენება ხელისუფლების მხრიდან და დაუსჯელობის ის გარემო, რომელიც კრემლისტური, ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობის აშკარა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეწყნარებაში ჩანს, გარდა იმისა, რომ არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის ლგბტი ადამიანებისთვის და აქტივისტებისთვის, ის აზიანებს სოციალურ მშვიდობას და აღრმავებს  პოლარიზაციას. სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის საბაზისო ვალდებულებების შეუსრულებლობას ნეგატიური გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესისითვისაც,” – “კოალიცია თანასწორობისთვის” განცხადება.

გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, “თიბისიმ” და “საქართველოს ბანკმა” ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ანგარიშები დაუბლოკეს. კონკრეტულად რომელი პირების ანგარიშები, ან რამდენი ანგარიში დაიბლოკა, უცნობია. ძალადობრივი ჯგუფები თანხას აგროვებდნენ  8 ივლისს “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ჩასაშლელად რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ასევე, ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის დასაორგანიზებელად. ანგარიშის ნომრები მათ სოციალურ ქსელებში ჰქონდათ გავრცელებული. “პუბლიკა” ამბობს, რომ ბანკები ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 8 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება. „თბილისი პრაიდის“ განმარტებით, აქვთ მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

“ხვალ პრაიდის ფესტივალი გაიმართება – დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია ვატარებთ.რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ.“გეიაღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები.მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს,” – თბილისი პრაიდის განცხადება.