მიშა მშვილდაძე მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს | 07.07.2023

მიშა მშვილდაძე მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. გამოკითხვაზე შესვლამდე მიშა მშვილდაძემ თქვა, რომ საგამოძიებო სამსახურმა, პირველ რიგში, თავისივე კამერების ჩანაწერები უნდა ამოიღოს, რადგან უწყების შენობა ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს. ამ ქუჩაზე კი მშვილდაძეზე ძალადობის დღეს ის მანქანები გადაადგილდებოდნენ, რომლებიც თავდასხმაში ფიგურირებენ.

მშვილდაძის საქმეს 6 ივლისამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა. მას შემდეგ, რაც საქმეში „ფორმულამ“ სუსის მონაწილეობა გამოავლინა, მშვილდაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა და საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემა მოითხოვა. მარიკაშვილის ბრიფინგიდან მალევე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გენერალური პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან ამოღებულია და ის გამოსაძიებლად მათ გადაეცათ.

მიშა მშვილდაძეს ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავს 27 ივნისს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. დანაშაულის შესახებ გუგეშაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. „ფორმულას“ ტელეწამყვანს დაზარალებულის სტატუსი თავდასხმიდან 3 დღის შემდეგ მიანიჭეს.