რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე თავს ცუდად გრძნობდა და ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.
უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, მიტროპოლიტ შიოს სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა. დეკანოზმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მეუფე შიოს ავადმყოფობა.
ჯაღმაიძის თქმით, მეუფე შიომ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით ჩაიტარა ანალიზები, შემოწმდა როგორც სასმელი წყალი, ისე საკვები, თუმცა მასში საეჭვო ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის “დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო”.