“ფორმულას” განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის თანამშრომელია | 05.07.2023

ტელეკომპანია “ფორმულას” განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი მუმლაძეა.

როგორც, “შაბათის ფორმულას” წამყვანმა, დავით ქაშიაშვილმა თქვა, მათ მოიპოვეს ინფორმაცია, რომ გიორგი მუმლაძე სუს-ის თბილისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელია, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

ბრიფინგის პარალელურად, აჩვენეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაღებული ვიდეოკადრები სადაც, ჩანს ორი მამაკაცი, სწორედ ამ  ტერიტორიაზე გადაადგილდება მიშა მშვილდაძეც. ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ამ კადრების კომენტირებისას ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი გორგი მუმლაძეა და იგი უკან მიჰყვება მიშა მშვილდაძეს. ჟურნალისტი ინფორმაციით, მუმლაძე ბოლომდე ესწრებოდა თავდასხმის პროცესს და ყველაზე ბოლოს ტოვებს ადგილს მეწყვილესთან ერთად.

კადრები “ფორმულამ” ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან მოიპოვა. გამოსახულება მკაფიოა და მასზე ასახული ადამიანების იდენტიფიცირება შესაძლებელია.

ტელეკომპანიის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს მოუწოდა, გამოიძიოს, რატომ იყვნენ ჩართული სამართალდამცველები მიშა მშვილდაძის ცემის ორგანიზებაში.

27 ივნისს, თბილისში ტელეკომპანია „ფორმულის” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს დააკავა ძალადობის მუხლით.