“ევროპა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად 12-ვე რეკომენდაციის შესრულებას არ ითხოვს” | 04.07.2023

ირაკლი კობახიძემ ევროპული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ტელეწამყვანებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც 8 მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა. პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია “კავკასია” არ მიუწვევიათ. ფორმატი ოპერატორების დასწრებასაც არ ითვალისწინებდა. შეხვედრა პარლამენტის კამერებმა გადაიღო. „ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროპა საქართველოსგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად 12-ვე რეკომენდაციის შესრულებას არ ითხოვს. კობახიძის თქმით, მისი და ევროკომისრის შეფასებები ერთი შეხედვით თანხვედრაში არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო.

კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ სტატუსის შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის საზოგადოებისთვის ახსნა რთული იქნება. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება  ხალხში ისეთივე იმედგაცრუებას გამოიწვევს, როგორც 2022 წლის ივნისში, როცა უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, საქართველოს კი – არა.