„თბილისი პრაიდის“ კვირეული დაიწყო. პირველი ღონისძიება გუშინ გაიმართა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრნენ. მათი თქმით, თანასწორობა და თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის მთავარი პრინციპებია, რაც გამორიცხავს ძალადობას ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის გამო.
ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროს და ადგილს ჰომოფობიური დაჯგუფებების შესაძლო თავდასხმის გამო არ ასაჯაროებენ. „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. ლგბტქ+ თემის ორგანიზებული ფესტივალი 8 ივლისს დასრულდება. ორგანიზაციის განცხადებით, წელს კვირეული პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის, საერთაშორისო კონფერენციას და პრაიდის ფესტივალს მოიცავს.