დაასანქცირებს თუ არა თამაზ გაიაშვილს უკრაინის შემდეგ დასავლეთიც? – “ოცნებაში” გაბრაზებულები არიან | 03.07.2023

დაასანქცირებს თუ არა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” და მისი დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს  უკრაინის შემდეგ დასავლეთიც.  იმ შემთხვევაში, თუ ქართულ აიაკომპანიაზე დასავლური სანქციები გავრცელდება, ის სავარაუდოდ რუსეთის გარდა ვერსად ფრენას ვეღარ შეძლებს. არადა ავიაკომპანიის რეისების დიდი წილი ევროპულ ქვეყნებზე მოდის. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული ავიაკომპანიის დასანქცირება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი იყო.

“ჯორჯიან ეარვეისის” სანქცირების გამო, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ინფორმაციით ოლექსანდრ შულგანსკისთან ავიაკომპანიის და მისი მფლობელის სასანქციო სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს.  დღესვე, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს სანქციების საფრთხეს ქართული საავიაციო სექტორისთვის, რადგან  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო,  საქართველოს ხეილისუფლება და კერძო კომპანიები საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებენ. ლევან დავითაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის საიმედო პარტნიორია და მათგან მხოლოდ მადლობას იმსახურებს, თუმცა ამავე ბრიფინგზე აღიარა, რომ   საქართველო საერთაშორისო სანქციების 11–ე პაკეტს არღვევს და რუსეთში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისევ ხორციელდება. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ დასავლელ პარტნიორებს აუხსნან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბიზნესი ბევრი მოქალაქისთვის და ახლა პარტნიორებთან საკითხის დაზუსტების ეტაპზე არიან.

რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების თანაავტორების ჯგუფი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. დევიდ ო’სალივანი ევროკავშირიდან, ჯეიმს ო’ბრაიენი შეერთებული შტატებიდან და კუმარ აიერი დიდი ბრიტანეთიდან – საქართველოში დასავლური დაკვირვებისა და ახალი სანქცირებული პროდუქციის სიის შესახსენებლად ჩამოვიდნენ. საუბარია როგორც 38 დასახელების პროდუქტზე, რომელსაც რუსეთი მკვლელი იარაღის შესაქმნელად იყენებს, ასევე ფინანსური სანქციების კონტროლზე.მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წევრებთან დახურული შეხვედრების შემდეგ, სტუმრებმა თქვეს, რომ კონტროლის მხრივ თანამშრომლობა გრძელდება. მათივე განცხადებით, საქართველოდან რუსეთში სანქციების გვერდის ავლით რაიმე სანქცირებული პროდუქტის გატანის კონკრეტული ფაქტი ჯერ არ აქვთ, თუმცა რისკები არსებობს.