არა ცენზურას! -კულტურის სფეროს წარმომადგენლების მდუმარე აქცია – პერფორმანსი პარლამენტში | 29.06.2023

პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს.  “სოლიდარობა მწერლებს,” “დამოუკიდებლობა კინოცენტრს”, “არა ცენზურას”, “კინო საფრთხეშია”, “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”, “ყოველ სამ კაცში ოთხი მოღალატეა” – კომიტეტის სხდომაზე  ისინი ამ შინაარსის საპროტესტო გზავნილების მქონე წარწერებიანი მაისურებით მივიდნენ.პერფორმანისის დაწყებისთანავე სხდომის  თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და მათ  დარბაზის დატოვება მოსთხოვა.  სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.

როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათი პერფორმანსის მიზანი პარლამენტის წევრებისთვის თავიანთი სათქმელის მიტანა იყო. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გუშინ მიმართეს,  რათა დაინტერესდეს, რა ხდება კინოცენტრში.

მას შემდეგ, რაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს მათი კოლეგის მიერ დადგმული პერფორმანსია, რომელმაც თავად კომიტეტზე მისვლა ვერ გაბედა.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საქმიანობის მოსმენა მიმდინარეობდა.