თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე „ოცნებაში“ არაპირდაპირ ძალადობის გამართლებას ცდილობენ | 28.06.2023

გავრცელებული ინფორმაციით მიშა მშვილდაძეზე  თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. მანამდე ფეისბუქ მომხმარებელმა, რომელიც ქსეში ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით და გვარით არის დარეგისტრირებული, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 27 ივნისის საღამოს “ფორმულის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე მან სცემა. ფეისბუკ ანგარიშზე, სადაც ეს “აღიარებითი ჩვენება” 28 ივნისს გამოქვეყნდა, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას.

“მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო,” – წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი.

ნიკოლოზ გუგეშაშილმა პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა. ნიკოლოზ გუგეშაშვილის ფეისბუკის სტატუსი თითქმის მსგავსია პარტია “გირჩის” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სოსო მაისურაძის განცხადებისა, რომელიც მან ასევე ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. მაისურაძე გუგეშაშვილის მსგავსად მიუთითებდა, რომ არ აპირებდა მიმალვას და თავდასხმის მიზეზად ზურა ჯაფარიძის შეხედულებებს ასახელებდა.

ერთ დღეში ორი თავდასხმა  ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე. ერთ-ერთი მათგანი ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი მიშა მშვილდაძეა- ხოლო მეორე ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი დავით ოსიყმიშვილი. მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს გუშინ სუპერმარკეტში შესვლისას დაესხა.  როგორც მიშა მშვილდაძე იხსენებს, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი  ფიზიკურ ანგარიშსწორებას განაგრძობდა.