ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დააკვეს – გარდაცვლილის ოჯახი დაშინებაზე საუბრობს | 26.06.2023

საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე დააკავა. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასა და სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას არაერთი ტყუილი თქვა, რაც მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც შუბითიძის განცხადებებთან ერთად მოცემულია მათი გაბათილების მცდელობა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ შუბითიძემ არაერთი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

2023 წლის 29 აპრილს „შაბათის ფორმულამ“ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვებოდა. შუბითიძის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა. ერთ–ერთი ეპიზოდი თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ეხებოდა, რომელიც შუბითიძის თქმით ელგუჯა პაპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს  დაულუქავ მდგომარეობაში მიუტანა.

ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და  სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. პროკურატურის ინფრომაციით დაკავებულმა, ამ ნაწილშიც სასამართლოს,  ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას,  საკუთარ ავტომობილში იპოვნეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. ძიების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.