ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტი “ოცნების” მხრიდან კვლავ თავდასხმის ობიექტი გახდა | 23.06.2023

ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან კვლავ თავდასხმის ობიექტი გახდა. მმართველი პარტია ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.  პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტ  ზურაბიშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალება “დიდი ზეწოლის” შედეგია. “ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებასთან არაფერ კავშირშია და პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება – ასე აფასებენ ოპოზიციურ სპექტში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ოპონენტების ნაწილს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალება დააგვიანა, თუმცა მათი განცხადებით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.