“გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო”- საერთაშორისო გამოხმაურებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე | 23.06.2023

“მადლობა გამბედაობისთვის” – ასე აფასებენ დასავლელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო საზოგადოების წევრები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკაშირებით.  ერთ-ერთი პირველი ვინც ნიკა გვარამიას  გათავისუფლებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იყო. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც საქართველოში დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ არსებით ნაბიჯს. პირველივე წუთებში განცხადება გაავრცელა ჰელსინკის კომისიამაც.

“დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის,”  – აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადება.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ. მისასალმებელია პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშივლის მორიგი დადასტურება რომ საქართველო არ შეეცდება “უცხოური გავლენის” შესახებ კანონის მიღებას. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე.საქართველოს მომავალი ევროკავშირშია,” – ევროპული საბჭოს განცხადება.

შარლ მიშელის მსგავსად საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისკენ.