გაფიცული მაღაროელები კომპანიის შეთავაზებას არ თანხმდებიან | 23.06.2023

“კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროების მაღაროელების მართვაში გადასაცემად,” – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომპანია გადაწყვეტილებას გაფიცული თანამშრომლობის ჯანრმთელობაზე ზრუნვით ხსნის.

“კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.

​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს,” – „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადება.

“ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და არა – ბიზნესის მართვა,” – ასე გამოეხმაურნენ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას გაფიცული მაღაროელები. ისინი პროტესტს განაგრძობენ და კვირას, საღამოს 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ.

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი უკვე 18 დღეა გრძელდება. 10 მათგანი 12 დღეა შიმშილობს. ერთ-ერთი მოშიმშილე გუშინ, გვიან ღამით, შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. პარალელურად, აქციები გრძელდება რუსთაველის გამზირზეც. პარლამენტის წინ მაღაროელებს კარვები აქვთ გაშლილი, რომელშიც 4 გაფიცული მე-3 დღეა შიმშილობს. მაღაროელები ხელფასების 20%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.