ჭიათურიდან თბილისში ჩამოსული მაღაროელების პროტესტი გრძელდება, გაფიცულებს დედებიც შეუერთდნენ | 22.06.2023

რუსთაველის გამზირზე ჭიათურიდან თბილისში ჩამოსული მაღაროელების პროტესტი გრძელდება, რომელსაც დღეს გაფიცულთა დედებიც შეუერთდნენ. მაღაროელები ხელფასების 20%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პარლამენტის წინ მაღაროელებმა კარვები გაშალეს, 4 მათგანი უკვე მე-2 დღეა შიმშილობს. პარალელურად, პროტესტი გრძელდება ჭიათურაშიც, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი 11 დღეა შიმშილობს. „ჯორჯიან მანგანეზში“ ისევ აცხადებენ, რომ კომპანიას ხელფასების მხოლოდ 5%-ით მომატება შეუძლია, რაც გაფიცულებისთვის მიუღებელია.