მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო, – ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალმა სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს გაეგზავნოს მკაფიო ერთიანი გზავნილი, რომ საჭიროა შემდგომი რეფორმები.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროსტრუქტურაში გასაწევრიანებლად საჭიროა რეფორმების განხორციელება.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მოუწოდებს, გამოიყენოს შანსი.
დღეს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გაიმართა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.