პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს ამზადებს და ამისთვის ყველაფერი უკვე მზად არის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის შესახებ მას ინფორმაცია უკრაინის დაზვერვამ და უშიშროების სამსახურმა მიაწოდა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსების დანაშაულების მტკიცებულებები უცხოელ პარტნიორებს გადაეცემათ.
“სამწუხაროდ უკვე არაერთხელ მომიწია იმის შეხსენება, რომ რადიაციამ არ იცის სახელმწიფო საზღვრები და მხოლოდ ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული, თუ ვის დაარტყამს. ჩვენ პარტნიორებს გადავცემთ მთელ ინფორმაციას, რაც გაგვაჩნია – ყველას მთელ მსოფლიოში. ყველა მტკიცებლება. ევროპამ, ამერიკამ, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, არაბულმა სამყარომ, აფრიკამ – ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ეს. საერთაშორისო ორგანზაციებმა, ყველამ. ამჯერად ისე აღარ უნდა მოხდეს, როგორც კახოვკის ჰესზე მოხდა. მსოფლიოს შეუძლია, და მსოფლიომ უნდა იმოქმედოს,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.