“პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფლებამდე არ შეწყდება – გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან | 21.06.2023

ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა გაფიცულმა მაღაროელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვენ. დღეს დილით, 4-მა გაფიცულმა პარლამენტთან უვადო შიმშილობაც დაიწყო.

აქციას, პარლამენტთან, ჭიათურაში გაფიცული სხვა მაღაროელებიც შეუერთდნენ. მათ შორის, გიორგი კუპატაძე, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები და პირი ამოიკერა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტარიელ მიქაცაძის თქმით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია, მათი ნაწილი 10 დღეა შიმშილობს. „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ის ზარალზე მუშაობს და ხელფასების მხოლოდ 5%-ით მომატება შეუძლია, რაც მაღაროელებისთვის მიუღებელია. ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულ მაღაროელების ნაწილს პარლამენტის წინ კარვები აქვს გაშლილი. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

ბოლო ინფორმაციით, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის საკაცით საავადმყოფოში გადაიყვანა.