ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს. ევროკომისიის შუალედური შეფასება მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება. დოკუმენტს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მასზე სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. ორივე შეხვედრაზე იქნება პოლიტიკური შეფასებებიც, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო და აქვს თუ არა ქვეყანას პროგრესი ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ოქტომბერში ევროკომისია უკვე შეფასების დეტალურ ანგარიშს წარადგენს, რომელიც საფუძვლად დაედება დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.