რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 7 ნოემბრის საქმეზე დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა, სასამართლო გადაიდო. არსებული ინფორმაციით, პროცესის გადადების მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა გახდა. უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა. ექსპრეზიდენტმა პროცესზე ჩართვის მზაობა გუშინ გამოთქვა – მას დისტანციურად განცხადების გაკეთება სურდა.
სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროცესზე დასწრების საშუალება რომ მისცემოდა, ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გატეხეს. სააკაშვილი წერს დრევანდელი მაგალითი ადასტურებს რომ პუტინისა და მისი ადგილობრივი მარეონეტების სამხედრო ტყვეა”.
“მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს! დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას. „სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით. რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე. რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე? მე თავი გადავდე 2003-შიც, 2008-შიც, როცა არ დავტოვე საქართველო და მსოფლიო ფეხზე დავაყენე საქართველოს გადასარჩენად და 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე, რათა ამ სასიკვდილო განსაცდელისგან ვიხსნა საქართველო. ჩემი ტყვეობა სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში გამომწყვდევა. ქართველმა ხალხმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეს უსამართლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პოლიტიკურ პროცესს ძალადობის, პოლიტპატიმრებისა და სხვა რუსული ნაღმების გარეშე,” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით დღეს განცხადება გააკეთა სამედიცინო ცენტრ “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. “ვივა-მედის” კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით კლინიკა შემაფრეხებელი ფაქტორი არ ყოფილა და საკითხი პენიტენიცურმა სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს.
დღეისთვის ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი სამწევრიანი კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის პენსიაზე გასვლა გახდა. 16 ივნისს მიხეილ სააკაშვილის სახელით ფეისბუკზე დაიწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასა და თავის სასამართლო პროცესებზე დასწრებას გეგმავს.