ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს – ღარიბაშვილი ბრიუსელში | 15.06.2023

საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია. ბოლო ოფიციალური ღონისძიება, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება იყო.  საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით კულტურის საერთაშორისო ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობს. სიტყვით გამოსვლიასას ღარიბაშვილმა თქვა, რომ  საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები.

„ნამდვილად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორებიცაა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოპოვება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გავხდით ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ წლის ბოლოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენმა ისტორიამ, კულტურამ, ღირებულებებმა და ბოლოდროინდელმა მიღწევებმა მოგვამზადეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევების დასაძლევად,” –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, ბრიუსელში საქართველოს პრემიერმა ევროპელ ლიდერებთან არაერთი შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის, ასევე შედგა ქართველი და ბელგიელი პრემიერების პირისპი შეხვედრა.