ისინი თქვენთან ომს აგებენ – სალომე ზურაბიშვლის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან | 15.06.2023

“ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. კითხვაზე, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე.

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ომის გზით დაბრუნების არ სჯერა. პრეზიდენტის თქმით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ძალიან კარგი გამოსავალი და პერსპექტივა არსებობს“, – რაც, მისი თქმით, რუსეთთან ომში უკრაინის მოსალოდნელ გამარჯვებას უკავშირდება. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიმიმოვლის აღდგენასა და სარკინიგზო კომუნიკაციების შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ნიადაგს „სინჯავს“ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს თბილისთან დაახლოების პროცესში. ამასთან, მისი სიტყვებით, „საქართველო ოკუპირებულია და მას არ შეუძლია დაპირისპირების პოლიტიკის გატარება, მაგრამ ის უნდა იყოს ძალიან მტკიცე“.

სალომე ზურაბიშვილს ასევე ჰკითხეს “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე და მის შეწყალებაზე. ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და იმოქმედებს, როცა გადაწყვეტს შეიწყალოს თუ არა ნიკა გვარამია.  პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.