ღარიბაშვილის შეხვედრები ბრიუსელში | 14.06.2023

საქართველოს  პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით.

ეს საკითხები იყო საუბრის ძირითადი თემა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროსაც. ბრიუსელში ვიზიტი ღარიბაშვილმა ალექსანდრ დე კროსთან მოლაპარაკებით დაიწყო. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.