“როგორ გითხრა, არ ჩამოხვიდეთ?” – ზურაბ აბაშიძე რუსეთს „პოზნერის ინციდენტის“ გამო ბოდიშს უხდის | 14.06.2023

ინტერნეტში ვრცელდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომელშიც, რუსი  პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის და საზოგადოების ნაწილის ხმაურიანი პროტესტის  მეორე დღეს, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე ურეკავს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აუდიჩანაწერებს Cyber Kmara ავრცელებს, თუმცა, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ჩანაწერების თნახმად, ზილბერკვიტი ერთ-ერთია,ვინც თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული. ზურაბ აბაშიძე სატელეფონო საუბრის დროს რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს “პროვოკატორებსა” და “ნაცისტების ჯგუფს” უწოდებს. მისი თქმით, ეს ადამიანები “სააკაშვილის მიერ იყვნენ დაფინანსებულები”. აბაშიძე პოზნერის მეგობარს უხსნის, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოზნერის საქართველოში სტუმრობისას გამოთქმული პროტესტი დაგმეს.

ზილბერკვიტი აბაშიძეს სთავაზობს, რომ მოგვიანებით დაურეკოს და თავად პოზნერს გაესაუბროს ამ საკითხზე. ჩანაწერების თანახმად, სატელეფონო საუბარი შედგა აბაშიძესა და პოზნერს შორისაც. რუსი პროპაგანდისტი ზურაბ აბაშიძეს ეუბნება, რომ მომხდარზე “არ ღელავს” და თავისი დაბადების დღის აღნიშვნას მოსკოვში, ქართულ რესტორანში აგრძელებს.

“არ იღელვოთ, არაფერია ” ჩვენ ახლა მოსკოვში, ქართულ რესტორანში ვსხედვართ, სვამთ ქართულ ღვინოს, ჩვენ გვიყვარს საქართველო და ამ ხალხს ამასთან კავშირი არ აქვთ”, – პოზნერი.

აბაშიძე პოზნერს უხსნის, რომ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ურჩევს მას გაეცნოს, რადგან “იქ ყველაფერი ნათქვამია”.