პარლამენტის დარბაზის ლოჟაში მოქალაქემ თეთრი ნაჭერი საპროტესტო წარწერით მას შემდეგ გამოფინა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დარბაზში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიესალმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი, რომელმაც პროტესტი გამოხატა და დარბაზში რუსული რუბლები გადმოყარა, ერთ–ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედა, ქრისტო ტალახაძეა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ქალის დარბაზიდან გაყვანა უბრძანა. ნაჭერი წარწერით “არა ორიენტაციაარეულ ქოც–რუსულ ოცნებას“ მანდატურებმა პარლამენტის ლოჟიდან ჩამოხსნეს.
“ხო ნუ რა ვქნათ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეები. თქვენი გზავნილი გასაგებია,” – ასე გამოეხმაურა მომხდარ ინციდენტს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
ინციდენტს პარლამენტის დარბაზში ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოქალაქის პროტესტს მხარი დაუჭირეს და ტაშით შეხვდნენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პროტესტმა ისე გააღიზიანა, რომ რუბლები აიღო და ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინეს. დარბაზში დაპირისპირება შესვენების დროსაც გაგრძელდა.