ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა “ოცნების” დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე და შეფასებები | 13.06.2023

ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი დაიწუნა. კომისიის დასკვნა გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ასეთი კანონპროექტი კანონად არ უნდა იქცეს, რადგან, შესაძლოა,  ხელისუფლებამ ის ოპონენტების დევნისთვის გამოიყენოს.

ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასკვნის შინაარსი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა , რადგან ევროპელი პარტნიორები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი იქნება.

„ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტმა გასული წლის 16 ნოემბერს მეორე მოსმენით მიიღო. მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკრაინული ვერსიის ანალოგი იყო. მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მას შემდეგ გაგზავნა, რაც 21 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განცხადება გაავრცელა და მისი კომისიაში გაგზავნა მოითხოვა. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.