რა უნდა პრეზდენტს ბოლო-ბოლო ამქვეყნისგან?!! – “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის ვეტოს წინააღმდეგ | 12.06.2023

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა დაიწყო.  საუბარია ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი თანამდებობის – პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკში  პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის შექმნის წინააღმდეგია. შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააცნო.  გიორგი მსხილაძემ დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გიორგი მსხილაძის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს და ვერავინ უკარნახებს, ვისი კანდიდატურა წარადგინოს.

საპარლამენტო უმრავლესობა კი მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევად ემზადება. ამის მიზეზი კი “ოცნების” თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, კანდიდატების წარდგენის გაჭიანურება გახდა. ცნობილია, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად  შეთანხმება შედგა, რომ ერთ-ერთ კანდიდატად პრეზიდენტს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნდა წარმოედგინა, თუმცა მას ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია რადგან პრეზიდენტს ხუციშივილის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება.