რატომ გააგდეს თეონა აქუბარდია კომიტეტის სხდომიდან და რა უფლებებს უზრდის “ოცნებას” სუს-ს | 12.06.2023

ხმაური იყო დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის  სხდომაზე, საიდანაც ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გამოაძევეს. დეპუტატის შეკითხვა „ოცნების“ ახალ ინიციატივას  ეხებოდა, რომლითაც სუს-ს უფლება ეძლევა სპეცტექნიკა ლიცენზიების გარეშე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოიტანოს ან გაიტანოს. თეონა აქუბარდიას შეკითხვას კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიანიშნებენ, რომ „ოცნების“ ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ხელისუფლებამ რუსეთში ისეთი ნივთები შეიტანოს, რომელსაც პუტინის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.