კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად დატბორილ ხერსონის რეგიონში წყლის დონემ კლება დაიწყო | 09.06.2023

კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად დატბორილ ხერსონის რეგიონში წყლის დონემ კლება დაიწყო – გასული ღამის განმავლობაში წყალმა დაახლოებით 20 სმ-ით დაიწია.რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ინფორმაციით დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე წყალი დაახლოებით 5 მეტრის ნიშნულზე რჩება. პარასკევის დილის მონაცემებით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3624 სახლი დაიტბორა, 2352 ადამიანი და დაახლოებით 550 ცხოველი ევაკუირებულია.

წყლის დონემ ასევე დაიწია მარცხენა სანაპიროზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.   ახალ კახოვკაში  წყლის დონემ ორი მეტრით, ათ მეტრამდე იკლო. რუსული სააგენტო ტასი საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ 17 დასახლებაში დატბორილია თითქმის 22,3 ათასი საცხოვრებელი სახლი.

ზელენსკიმ  მთელი მსოფლიოს ეკოაქტივისტებს,აზრის ლიდერებს და საერთაშორისო ექსპერტებს მიმართა და მოუწოდა სიმართლის გავრცელებისკენ ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევის შესახებ.

წყლის დონე იკლებს თავად კახოვკის ჰესის წყალსაცავში. უკრჰიდროენერგოს ინფორმაციით, პარასკევის დილის მდგომარეობით ნიკოპოლის რაიონში წყლის დონე თორმეტ მეტრამდე იყო. 6 ივნისის დილიდან, ანუ კაშხლის ნგრევის მომენტიდან წყალსაცავში  წყლის დონემ ჯამში 4,7 მეტრით დაიკლო. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სადგურის შენობის ნახევარზე მეტი წყლის ქვეშაა. ხუთშაბათს, საღამოს, ხერსონის ოლქის ხელისუფლებამ და უკრჰიდროენერგოს ხელმძღვანელმა განაცხადეს, რომ წყალსაცავში წყლის დონე ე.წ. „მკვდარი წერტილამდე “ 12,7 მეტრამდე დაეცა, როცა უკვე შეუძლებელი ხდება წყლის ამოღება დასახლებებისთვის და ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის.

მოგვიანებით, მაგატემ განმარტა, რომ კახოვსკის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის მიუხედავად იმ დონემდე,  რაც ადრე კრიტიკულ ნიშნულად ითვლებოდა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ჯერ კიდევ შეუძლია წყლის ამოტუმბვა რეზერვუარიდან გაგრილების სისტემებისთვის.

ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან  წყლის მიერ მდინარე დნეპრში ჩარეცხილი ნარჩენები და ნივთები უკვე შავ ზღვაშია. ოდესის ოლქის სანაპიროზე წყალი რიყავს  ავეჯს, საოჯახო ტექნიკას, შენობების ნარჩენებს, ავტომობილებს,  ასევე ფეთქებად ნივთებს. გამორიყული ნივთების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.