გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ იქნა ინიცირებული და ის გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუციას მხარი 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა. საქართველო ასეთ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან, ყოველწლიურად წარადგენს. გაეროში საქართველოს წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ წელს რეზოლუციის მხარდაჭერა უპრეცედენტოდ მაღალი იყო.