კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ წყლის დონე ხერსონის ოლქში 24 საათის განმავლობაში კვლავ იზრდებოდა. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს დილისთვის ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე 1852 სახლი იყო დატბორილი. დილის მდგომარეობით დატბორილი ზონიდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. აქ ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაცია გრძელდება.
დატბორილ დასახლებებში მოქალაქეების ნაწილმა თავის გადარჩენა შემაღლებულ ნაგებობებზე და ხეებზე ასვლით შეძლო და იქ ელოდნენ მაშველებს.
ნოვო კახოვკაში დატბორვის შემდეგ 7 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ლეონტიევმა განაცხადა. მისი თქმით, წყალმა დაფარა პატარა კუნძულები, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. დაკარგულები მწყემსები არიან, რომლებიც ამ კუნძულებზე იმყოფებოდნენ. თავად ქალაქში წყალმა ზოგან უკან დაიხია, ზოგი ქუჩა კი კვლავ დატბორილია, მათ შორის ქალაქის ცენტრი.
ვითარება კრიტიკულია ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში. წყალი იმატებს ალიოშკში. ქალაქში თითქმის არ დარჩა დაუტბორავი ქუჩები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევაკუაციის გზები პრაქტიკულად არ არსებობს, და ოკუპანტები მოსახლეობის დახმარებას არ ცდილობენ. ასევე, ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია სხვა დასახლებები და კაზაკთა ბანაკები. დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შედეგად ხერსონის რუსების მიერ ოკუპირებულ ნაწილთან ერთად დაიტბორა რუსების თავდაცვის ხაზები. ოკუპანტები მათივე თავდაცვის პირველ ხაზს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში პრაქტიკულად ცურვით ტოვებდნენ.
მარცხენა სანაპიროზე ოკუპანტებმა საკუთარი ნაწილები 5–15 კილომეტრით უკან გადაიყვანეს, რაც სამომავლოდ მათ არტილერიიდან ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას გაურთულებს. თუმცა, უკრაინული მხარის ინფორმაციით. ჯერჯერობით, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის მიუხედავად რუსეთი დნეპრის მარჯვენა სააპიროს დაბომბვებს ევაკუაციის პროცესშიც აგრძელებს.
თავად კახოვკის წყალსაცავში კაშხლის ჩამონგრევის მომენტიდან წყლის დონემ ორნახევარი მეტრით დაიწია.
ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი დღევანდელ ანგარიშში წერს, რომ კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის მიზეზებზე ჯერჯერობით დაბეჯითებით საუბარი შეუძლებელია, თუმცა ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს რუსების ნახელავია.ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში აღწერილია ფაქტები და განცხადებები, რომელთა შედეგად ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არსებული მტკიცებულებების, შესაძლო მოტივების, განმარტებების და რიტორიკის გათვალისწინებით, რუსებმა კაშხალი განზრახ დაანგრიეს.
ეს ინსტიტუტი ჯერ კიდევ 2022 წელს აკეთებდა პროგნოზს კაშხლის შესაძლო ნგრევაზე და აცხადებდა, რომ რუსებს დნეპრის ქვედა დინების დატბორვის აშკარად გამოხატული ინტერესი ქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ მიერვე მომზადებულ თავდაცვით ნაგებობებს და შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე უკრაინელებისას.