რუსების მიერ აფეთქებილი კახოვკას ჰიდროელექტროსადგური და მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის ოლქში | 06.06.2023

რუსებმა  ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ღამის საათებში ააფეთქეს.  წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე – რუსეთის მიერ ოკუპირებული და კიევის მიერ კონტროლირებადი  ნაწილიდან. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა.  წყალდიდობის ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეოები, როგორ ცდილობენ მაშველები დატბორილ რაიონებში ცხოველების გადარჩენას. აფეთქების შემდეგ, ნიაღვარმა ზოოპარკში შეაღწია და ბინადრები გაიტაცა.

უკრაინის დაზვერვის წინასწარი მონაცემებით, კახოვკის ჰესი  რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ააფეთქა. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხების ეთერში განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის საფრთხის შექმნის გამო პასუხისმგებლობა  რუსეთს დააკისრა.  კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ კახოვკის ჰესის დანგრევა ომის დანაშაულია და 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინიდან მისი გაძევებაა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელის  ანდრეი იუსოვის განცხადებით, კახოვკის ჰესის დისტანციურად ასაფეთქებლად რუსმა ოკუპანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა ხერსონის ოლქში გადაიტანეს. მისივე ცნობით, რუსების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაადგილებისა და აღჭურვილობის შესახებ ფაქტები არსებობს, რომელთა შესწავლაც უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო. რუსეთი კი  კახოვკის ჰესის დანგრევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. კრემლი მომხდარს “უკრაინული მხარის დაგეგმილ დივერსიას” უწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით გამართული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა.  ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.  ზელენსკი აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომაზე შეთანხმებულ იქნა საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა, რათა რუსეთს დაეკისროს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ კაშხალი ოკუპანტებმა დანაღმეს და ააფეთქეს.

 „წელზე მეტია რუსეთი აკონტროლებს კაშხალსაც და მთელ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს. ფიზიკურად არარეალურია მისი აფეთქება როგორმე გარედან – დაბომბვით. დანაღმული იყო, დანაღმეს რუსმა ოკუპანტებმა და ააფეთქეს. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს არის ყველაზე დიდი ადამიანის მიერ გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ, რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც უზრუნველვყოფთ – იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის, ჩვენი ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარეები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.  ამბობენ, რომ წყალსაცავის დონის უკონტროლო ვარდნა დამატებითი საფრთხეა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა  მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.