„ქართული ოცნება“ ამ მთოდებით ვერ დამაშინებს! – ედუარდ მარიკაშვილი | 05.06.2023

უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 3 ივნისის ღამეს პოლიციამ პარლამენტთან ცარიელი ფურცლის ხელში ჭერის გამო დააკავა. 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ ედუარდ მარიკაშვილი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან  გვიან ღამით გაათავისუფლეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი მას ამ მეთოდით ვერ დააშინებს და დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გააგრძელებს.

სამ ივნისს, პარლამენტთან მოქალაქეების ნაწილი ღარიბაშვილის პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდა. აქტივისტებს ხელში ცარიელი ფურცლები და პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის სახელი იყო დაწერილი. მცირერიცხოვანი აქციის დაწყებიდან მალევე პოლიციამ მათ ბანერები წაართვა და ძალის გამოყენებით დააპატიმრა  10-მდე მოქალაქე. მათ შორის იყვნენ უფლებადამცველები. აქტივისტები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული პროცესები ძალიან ჰგავდა იმას, რაც ახლა პუტინის რუსეთში ხდება.