ღარიბაშვილის საერთაშორისო კრიტიკას შალვა პაპუაშვილი წერილით პასუხობს და პარტნიორებს აკრიტიკებს | 31.05.2023

პრემიერ-მინისტრის  მიმართ   საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლელ პარტნიორებს საპასუხოდ აკრიტიკებს.  შალვა  პაპუაშვილი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად NATO-ს გაფართოება დაასახელა,  ” მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.”   პაპუაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იყოს გაგებული.  პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უფლება აქვს, ეჭვქვეშ დააყენოს ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორმაგი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს არაერთხელ მოეპყრნენ უსამართლოდ და გარკვეულწილად, თვალთმაქცურად.  ვრცელ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

“მხოლოდ ახლა, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა იყო და რჩება მტკიცედ პროდასავლურად, საქართველოს ახლა აუხსნელად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არის “პრორუსული”. ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა, იყო რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც სკრუპულოზურად ახორციელებდა მრავალი წელი.  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.   მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ „გაბედულად“ იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც ნატოს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირე ქვეყნებს.   ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესების გამო. ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე მოქალაქეებისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, რუსეთს კი მცირე ზიანს თუ მიაყენებს. პირიქით, რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის.  ნატოსა და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინ, როცა ასოცირებულ ტრიოში აშკარა მოწინავეები ვიყავით.  ამ ყველაფრის გათავალისწინებით ჩვენ თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ვუთხრათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობის დაძლევაში და ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი დამსახურებული წევრობის მიღებაში,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ტვიტერში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ღარიბაშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა  ბიუროს სხდომაზეც შეაფასა.  როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ის რაც გუშინ ვიხილეთ, კარგი მაგალითია, თუ როგორც ხდება საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით სიყალბის გავრცელება.