ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების შემდეგ, პრემიერი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მთავარი კრიტიკა ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილმა გამოიწვია, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის თანაგუნდელები კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავენ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ბრატისლავაში პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის რაც ღარიბაშვილმა ილაპარაკა, სიმართლეა. გომელაურის თქმით, მსოფლიო ლიდერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტიც, იმავეს ამბობდა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი NATO-ს გამო დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.