შეფასებები ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, ფორუმზე გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზე | 30.05.2023

“ლაპარაკობს მოსკოვი” – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გზავნილებს ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანიც.

“პრემიერ ღარიბაშვილს აქვს, ან ირჩევს, რომ ჰქონდეს, ძალიან მოკლე მეხსიერება”- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.  როგორც აუსტრევიჩუსმა განაცხადა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთის რუპორი გახდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი.

“წარმოუდგენელია…საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?” – წერს ჰოჯესი.

ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო”. “შესწორება – NATO-ს არგაფართოებამ მოახდინა ომის პროვოცირება”- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში.