“ოცნება” სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას აქვეყნებს | 29.05.2023

მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭო სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ კრიტიკასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში მკაფიოდ წერია რომ პრეზიდენტის კრიტიკას არ აპირებენ მაგრამ ამავე დროს ზურაბიშვილს ბრალდებებს უყენებენ. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მიკერძოეუბულია, მისი განცხადებები კი არაობიექტური. პარტიის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე,  მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ. მმართველი პარტია თვლის რომ  პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დაიცვან მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.

“უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით, განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ.

2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს,” – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება.

პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ხელისუფლება  მწვავედ რამდენჯერმე გააკრიტიკა – მისი კრიტიკა ძირითადად ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას უკავშირდება. ზურაბიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის სგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის შემოშვება, ასევე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაც. ხელისუფლების ქმედებების გამო კი ბოდიში მოუხადა ქართველი გმირების ოჯახებს.  ახლა მთავარი მოლოდინია რას იტყვის პრეზიდენტი ორ დღეში- როცა 31 მაისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართვას.