მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად – სააკაშვილი | 29.05.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივამედიდან მორიგ წერილს ავრცელებს.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,ის საქართველოში სამკურნალოდ არ ჩამოსულა და სინამდვილეში ქვეყნის გადასარჩენად გაწირა თავი.  როგორც სააკაშვილი წერს, ის სრულიად ყალბი ბრალდებებით არის “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარია.

“იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას. მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას! ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.