თურქეთის პრეზიდენტი ისევ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იქნება. არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ერდოღანმა ხმების 52%-ზე მეტი მოიპოვა. მან გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად, ჯერ კიდევ შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე აღნიშნა.
ჯერ კიდევ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებამდე, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მომხრეებმა ანკარაში შეკრება დაიწყეს. მოგვიანებით მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა მოქმედმა პრეზიდენტმაც. ერდოღანმა მათ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არჩევნებში თურქეთმა გაიმარჯვა. „ნახვამდის, ქემალ“ – ასე კი მის კონკურენტს მიმართა და მწვავედ გააკრიტიკა.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო დროის ყველაზე უსამართლო არჩევნები. მისი განცხადებით, ბრძოლა ავტორიტარული მთავრობის წინააღმდეგ გაგრძელდება.
ერდოღანი თურქეთს უკვე 20 წელზე მეტია მართავს, არჩევნების შედეგებით იგი თანამდებობაზე კიდევ 5 წლის ვადით დარჩება. თურქეთში საარჩევნო უბნები გუშინ დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის დათვლის პროცესი საღამოს 5 საათიდან დაიწყო. ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობა 53 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.