საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილე – საზეიმო ღონისძიება | 26.05.2023

26 მაისს  საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. 1918 წელს, ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.  26 მაისის მთავარი ღონისძიება წელსაც ტრადიციულად დედაქალაქის მთავარ მოედანზე აღინიშნა,  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რეგიონებშიც გაიმართა. ოფიციალური ცერემონიალი დილის 11:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მსვლელობით დაიწყო.

წელს პირველად უპრეცედენტოა იმ წვევამდელთა რაოდენობა, რომლებმაც  მთელი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღეს ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა ნაწილში გაიმართა, მათ შორის, თბილისში,  ბათუმში, ჯუმათში, გორის ციხესთან, მოწამეთაში, ლაშარის ჯვართან, ხობის მონასტერთან, ხერთვისის ციხესთან, მეფე ერეკლის სასახლის ეზოში.

სამხედროებს სამშობოლოს წინაშე ფიცის დადება მიულოცა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის  თქმით, ქართულმა ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივითაც, 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით მებრძოლ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

პრეზიდნეტის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა პრემიერ-მინისტმა დაიკავა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. დღევანდელ  ღონისძიებაზე პრემიერმა ისევ ომის საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებასა და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

პრემეირ-მინისტრის შემდეგ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტმა მიმართეს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ, საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ჯუანშერ ბურჭულაძემ კი განაცხადა, რომ  ხელისუფლებამ თანმიმდევრული პოლიტიკით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გაზარდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, წელს  საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშების  გამოფენაზე უარი თქვა და მხოლოდ ქართული სიმბოლიკის გამოყენება გადაწყვიტა.