“ოცნებამ” დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებულ ღონისძიებაზე ევროკავშირის სიმბოლიკა გააქრო | 25.05.2023

შარშანდელისგან განსხვავებით წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე,  ევროკავშირის დროშა გამოფენილი  არ იქნება. ფაქტს საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობამ ევროკავშირის დროშების გაქრობა, ქვეყნის საბოტაჟად შეაფასა და დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების პარალელურად ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობა სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას’’  დააანონსა.   ორგანიზატორების განცხადეებით, მოქალაქეები რუსთაველის ძეგლთან ევროკავშირის დროშებით შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიისკენ გაემართებიან. მათი თქმით,  მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დროშის გაქრობის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა,   მთავრობის ადმინისტრაციას  განმარტებების გაკეთება მოუწია. ღარიბაშვილის უწყება  განმარტავს, რომ სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება, წელს ახალი სლოგანი “თავისუფლების სიყვარულია”.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილის 11:00 საათზე – დედაქალაქსა და საქართველოს ათ რეგიონში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება. გამოიფინება სამხედრო ტექნიკა. რუსთაველის გამზირზე გაიმართება ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, მოეწყობა ისტორიულ შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები, საბავშვო გასართობი ადგილები. საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დასკვნითი კონცერტი შედგება. ღონისძიებას პრემიერი, პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.