ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ და ამას ველით საქართველოსგან – ხავიერ კოლომინა საქართველოში | 24.05.2023

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში ვიზიტი მედიასთან შემაჯამებელი პრესკონფერენციით დაასრულა. კოლომინამ ვილნიუსის მოახლოებული სამიტის წინ, უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთი ღირებული პარტნიორისგან, როგორიც საქართველოა, ნატო-ს აქვს მოლოდინი, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. კოლომინას თქმით, რუსეთის მხრიდან, საქართველოსთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციამ ნატო-ში შეშფოთება გამოიწვია. გარდა ამისა  კოლომინამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება საქართველოში განსახორციელებელი რეფორმების შესრულების ტემპზე და ამ კუთხით, ხაზი გაუსვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების აუცილებლობას.

მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში, ხავიერ კოლომინამ ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციასთან.  მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იყო ნატო-ს  ვილნიუსის სამიტისთვის მზადებაც.  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ძირითადად საგარეო მიმართულებასა და ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს.

ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  შეხვედრაზე უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და  გამოწვევებზე ისაუბრეს.  მანამდე კი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი ხავიერ კოლომინამ სალომე ზურაბიშივლთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან განიხილა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს გუშინ ეწვია. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.