საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა – Freedom House 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს | 24.05.2023

Freedom House 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს,  რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.  როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „2023 წელს დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა, რაც, ძირითადად, ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ძალადობის გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციითაა გამოწვეული“. აღნიშნულის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია ნიკა გვარამიას დაკავება და გასამართლება, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის  დირექტორი იყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო პოლარიზებულმა და პოლიტიზებულმა მედიაგარემომ ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების გარდა, საქართველოსთვის გამოწვევად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა და აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.    ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას 2022 წელს ყურადღებით აკვირდებოდნენ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა „სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს ხელს უშლის“.

საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაშია.  საქართველოს გარდა, დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელარუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში, ბოსნიაში და ჰერცეგოვინაში და სლოვაკეთში. დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს, ანგარიშის მიხედვით, უნგრეთსა და რუსეთში დაფიქსირდა.